ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი ეთანხმება მოსაზრებას, რომ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენება უფრო რეალისტური ხდება, მაშინ როდესაც მისი ძალები კოლაფსის პირასაა და ამბობს, რომ პუტინი დასავლეთზე ბირთვული თავდასხმით "თვითმკვლელობის ნოტას მოაწერს ხელს."
"ვფიქრობ, პუტინს ნათლად უნდა ვუთხრათ, რომ თუ ის მართლაც გამოიყენებდა ატომურ იარაღს, ეს არა მხოლოდ რუსეთის სამხედროებს მოუტანს მძიმე შედეგებს, არამედ მასაც. ვფიქრობ, საჯაროდ უნდა ვთქვათ, რომ თუ პუტინი საკუთარ თავს ატომური იარაღის გამოყენების უფლებას მისცემს, ის თავად მოაწერს ხელს თვითმკვლელობის ნოტას. საჯაროდ უნდა ითქვას, რომ ყველამ რუსეთის სამხედრო დაზვერვაში, შიდა უსაფრთხოების კონგლომერატში იცოდეს, რამდენად არიან რისკის ქვეშ."- ამბობს ბოლტონი.
ბოლტონი ამტკიცებს, რომ დასავლეთის წარუმატებლობა პუტინს და სხვა ქვეყნებს არასწორ გზავნილს აძლევს.
"თუ პუტინი შეძლებს განახორციელოს ეს მანევრი და თავი დააღწიოს პასუხისმგებლობას ხელისუფლებაში დარჩენით, ეს არის საშინელი სიგნალი ირანისთვის, ჩრდილოეთ კორეისთვის, ჩინეთისთვის. მოდი ვაღიაროთ, ის ფაქტი, რომ ეს თებერვალში დაიწყო, ნიშნავს, რომ დასავლეთი წარუმატებელი აღმოჩნდა."- განაცხადა ბოლტონმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 5 ოქტომბერს ხელი მოაწერა კანონებს უკრაინული ტერიტორიების ანექსიის შესახებ. რუსეთმა ლუჰანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია მოახდინა.
ანექსიის შესახებ კანონი სახელმწიფო დუმამ 3 ოქტომბერს მიიღო, ფედერალურმა საბჭომ ის მეორე დღესვე დაადასტურა.
კლინტონის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, უილიამ კოენი ამბობს, რომ რუსეთის მიერ ანექსიის წინადადება საშიშია, რადგან პუტინისთვის ეს უფრო ძალაუფლებას ეხება, ვიდრე კანონს.
"პუტინს არ სჯერა კანონის. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკანონოა ის, რაც მან გააკეთა [უკრაინის ტერიტორიების ანექსია], ეს არასდროს იქნება აღიარებული, მაგრამ პუტინს არ აინტერესებს ჩვენ ამას ვაღიარებთ თუ არა."- ამბობს კოენი.
კოენი თვლის, რომ რუსული ძალების დასუსტებასთან ერთად, პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა იზრდება.
"ეს არის საფრთხე, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ყველამ უნდა აღიაროს. არ მგონია, რომ ის ბლეფობს. ვფიქრობ, ჩვენ მას სერიოზულად უნდა მივუდგეთ და როგორც შეგვიძლია უნდა შევაკავოთ.- განაცხადა კლინტონის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, უილიამ კოენმა.